შინაგანაწესი

შპს „ფრანგული სკოლის“
შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. შინაგანაწესის მიზანი

1. წინამდებარე შინაგანაწესის მიზანს წარმოადგენს:

ა) სკოლის მისიის შესრულების ხელშეწყობა და უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;

ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობების, ასევე მათი უფლება-მოვალეობების მოწესრიგება და კონტროლი;

გ) სკოლაში შრომითი და სასკოლო დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სასწავლო და სამუშაო დროის რეგულირება და მისი მაქსიმალურად რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა;

ე) სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება.

მუხლი 2. მოქმედების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები

1. შპს „ფრანგული სკოლის“ (შემდგომში – „სკოლა“) შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სკოლის წესდებისა და განათლების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სკოლაში დასაქმებული ყველა პირისთვის (მიუხედავად მათი პოზიციისა), მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის (მშობლებისთვის).

3. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

4. სკოლასა და დასაქმებულებს, ასევე სკოლასა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობაში მკაცრად აკრძალულია ნებისმიერი სახის პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

5. შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, სკოლაში დასაქმებულთა და მოსწავლეთა მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობითა და ამავე შინაგანაწესით გათვალისწინებული სადისციპლინო პასუხისმგებლობისა და რეაგირების ზომები.

6. შინაგანაწესი საჯაროა და, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, თავსდება სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.frenchschool.ge), რათა ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

თავი II. შრომითი ურთიერთობის პირობები

მუხლი 3. პერსონალის მიღების წესი და კონტრაქტირება

1. სკოლაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა ხორციელდება კონკურსის (გასაუბრების/საჩვენებელი გაკვეთილის) საფუძველზე.

2. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ახალმიღებულ დასაქმებულთან შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს გამოსაცდელი ვადით (არაუმეტეს 6 თვისა), ხოლო ამ ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ – ძირითადი სამუშაო დროით.

4. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც სავალდებულო დოკუმენტაციასთან ერთად (CV, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები) ინახება წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და შრომითი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ასლები.

მუხლი 4. სამუშაოზე დაგვიანება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია არყოფნის სავარაუდო პერიოდისა და მიზეზების მითითებით.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური გარემოებები) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას.

3. დასაქმებულის გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

4. საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში დასაქმებულზე არ ვრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

5. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა, სამუშაოზე დაგვიანება ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის თვითნებური დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, გაცდენილი დროის შესაბამისი ანაზღაურების დაკავებასთან ერთად.

მუხლი 5. ჩაცმულობის წესი

1. სასწავლო პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, სკოლის პერსონალი ვალდებულია სამუშაო საათებში ატაროს აკადემიური, კლასიკური და პროფესიული საქმიანობისთვის შესაფერისი ჩაცმულობა.

2. დაუშვებელია გამომწვევი, შეუფერებელი, ექსცენტრული ან ვულგარული სტილის ტანსაცმლის ტარება.

მუხლი 6. ზეგანაკვეთური სამუშაო და ანაზღაურების წესი

1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ნორმირებულ სამუშაო დროს (კვირაში 40 საათს).

2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რაც განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით/ხელშეკრულებით.

3. დასაქმებულის თანხმობით, შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა.

4. სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

მუხლი 7. შვებულების უფლებით სარგებლობა

1. ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით;

ბ) შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ (დირექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია ამ ვადის გასვლამდეც);

გ) შვებულებაში წასვლის მოთხოვნით დასაქმებული წერილობით მიმართავს დირექტორს, რაც ფორმდება შესაბამისი ბრძანებით. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს;

დ) ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში (ბიულეტენში) მითითებული დღეების რაოდენობით;

ე) დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება გამოითვლება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

2. ანაზღაურების გარეშე შვებულება რეგულირდება შემდეგნაირად:

ა) დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით;

ბ) ამ მოთხოვნით მან დამსაქმებელი უნდა გააფრთხილოს 2 კვირით ადრე (გარდა გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობებისა).

3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (დეკრეტული) შვებულება:

ა) დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 730 კალენდარული დღის ოდენობით;

ბ) აქედან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე (მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 დღე).

მუხლი 8. შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა

1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება (მათ შორის, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ობიექტურ შემთხვევებში) ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

2. ურთიერთობის შეჩერების პერიოდში სკოლას უფლება აქვს სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებული ჩაანაცვლოს სხვა პირით.

3. სკოლას უფლება აქვს დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

ა) ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა ან გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება;

გ) დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

დ) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ე) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან;

ვ) დასაქმებულის მიერ დაკისრებული ვალდებულების სისტემატური დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;

ზ) დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა;

თ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა (თუ ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა – 60 კალენდარულ დღეს, შვებულების უფლების ამოწურვის შემდგომ);

ი) მასწავლებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

თავი III. სკოლის სტრუქტურა და ძირითადი მოვალეობანი

მუხლი 9. სკოლის თანამშრომელთა ზოგადი ვალდებულებები და სტრუქტურა

1. სკოლის თანამშრომელთა ზოგადი ვალდებულებებია:

ა) ზუსტად, დროულად და ხარისხიანად შეასრულონ სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობები;

ბ) მკაცრად დაიცვან შრომის დისციპლინა (როგორც სკოლაში წესრიგის საფუძველი), დროულად გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, დაიცვან სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა და რაციონალურად გამოიყენონ იგი;

გ) მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა სასკოლო საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად;

დ) დაიცვან კოლეგიალობის, პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა;

ე) არ დაუშვან ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით.

2. სკოლის პედაგოგიური (აკადემიური) პერსონალის დამატებითი ვალდებულებებია:

ა) უწყვეტად იზრუნონ პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის სრულყოფაზე თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პასუხი აგონ სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხსა და შედეგებზე;

გ) იზრუნონ მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე და აღზარდონ ღირსეული, განათლებული პიროვნებები;

დ) იხელმძღვანელონ პედაგოგის პროფესიული ეთიკის კოდექსით, რომელიც წინამდებარე შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია.

3. სკოლის პერსონალის კატეგორიები ეფექტიანი მართვისა და ფუნქციათა მკაფიო გამიჯვნის მიზნით იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:

ა) ადმინისტრაცია: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, ბუღალტერი, საქმისმწარმოებელი და ადამიანური რესურსების (HR) მართვის სპეციალისტი;

ბ) აკადემიური პერსონალი: მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი;

გ) დამხმარე პერსონალი: სკოლის ექიმი და ექთანი, ბიბლიოთეკარი, ლაბორანტი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (მანდატურის ფუნქციებით), მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი, დასუფთავების სპეციალისტი.

4. თითოეული სტრუქტურული ერთეულისა და პერსონალის დეტალური ფუნქცია-მოვალეობები, უფლებები და პასუხისმგებლობები განისაზღვრება ამ შინაგანაწესის შემდგომი მუხლებით, ასევე მათი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებითა და სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით/დებულებებით.

მუხლი 10. სკოლის დირექტორი

1. სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. იგი ახორციელებს სკოლის უმაღლეს ინსტიტუციურ მართვას და წარმოადგენს დაწესებულებას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. ადმინისტრაციული და სამართლებრივი მიმართულებით დირექტორი:

ა) საქართველოს კანონმდებლობისა და სკოლის შინაგანაწესის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ბ) დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის თანამშრომლებთან, ასევე სასწავლო ხელშეკრულებებს მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;

გ) აკონტროლებს სკოლის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; იღებს გადაწყვეტილებებს წახალისების ფორმების ან სადისციპლინო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, უკონფლიქტო, ორგანიზებულ და კეთილგანწყობილ სამუშაო/სასწავლო გარემოს შექმნას;

ე) ხელს უწყობს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და მოქმედებს მკაცრად კანონიერების ფარგლებში.

3. ფინანსური და მატერიალური მიმართულებით დირექტორი:

ა) განკარგავს სკოლის ფინანსურ რესურსებს და უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების დადგენილი წესით გაცემას;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესსა და პირობებს;

გ) უფლებამოსილია დააწესოს შეღავათები სწავლის საფასურზე. კერძოდ, შეუმციროს გადასახადი ან სრულად გაათავისუფლოს გადახდისგან: სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, ობოლი, მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სკოლის მასწავლებელთა შვილები; წლის საუკეთესო, განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები; სასკოლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები (წახალისების მიზნით);

დ) იტოვებს უფლებას, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული ყოველი კონკრეტული შემთხვევა.

4. საგანმანათლებლო და სტრატეგიული მიმართულებით დირექტორი:

ა) ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმას (დირექტორის მოადგილისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტის წარდგინების საფუძველზე);

ბ) ამტკიცებს სკოლის ობიექტური შეფასების სისტემას (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის წარდგინებით);

გ) ქმნის პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო-მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშემწყობ გარემოს;

დ) ზედამხედველობს და უზრუნველყოფს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება; ხელს უწყობს მოზარდებში დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას და პატივს სცემს მათ მოსაზრებებს.

მუხლი 11. დირექტორის მოადგილე

1. დირექტორის მოადგილე კოორდინაციას უწევს სკოლის სასწავლო, სააღმზრდელო და კლასგარეშე პროცესების ყოველდღიურ ადმინისტრირებას. დირექტორის არყოფნის (ან მის მიერ უფლებამოსილების დროებით განხორციელების შეუძლებლობის) შემთხვევაში სრულად ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

2. სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებით დირექტორის მოადგილე:

ა) დირექტორთან და საგნობრივ კათედრებთან ერთად მონაწილეობს სასკოლო-სასწავლო გეგმის პროექტის შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს;

ბ) კათედრის თავმჯდომარეებთან კოორდინაციით ადგენს მასწავლებელთა საათობრივ ბადეს (საგაკვეთილო ცხრილს);

გ) კოორდინაციას უწევს საგნობრივი კათედრების mუშაობას, განიხილავს და ითანხმებს მათ სემესტრულ და წლიურ სამუშაო გეგმებს;

დ) ახორციელებს საკლასო ჟურნალების წარმოებაზე ყოველდღიურ ადმინისტრაციულ კონტროლს;

ე) სასწავლო წლის დაწყების წინ უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოს განხორციელებას აკადემიური პროცესის შეუფერხებლად დასაწყებად.

3. სააღმზრდელო და კლასგარეშე მუშაობის მიმართულებით დირექტორის მოადგილე:

ა) მეთოდურ დახმარებას უწევს კლასის დამრიგებლებს სადამრიგებლო საათებისა და სააღმზრდელო გეგმების შედგენა-განხორციელებაში და აკონტროლებს სადამრიგებლო საათების გრაფიკის დაცვას;

ბ) კლასის დამრიგებლების მეშვეობით ხელს უწყობს მოსწავლეთა მშობლების ჩართულობას სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

გ) არჩევს, ითანხმებს და კოორდინაციას უწევს პედაგოგების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის (მათ შორის, სასკოლო კლუბების) გეგმებს;

დ) ორგანიზებას უწევს სასკოლო ღონისძიებების, ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი კონფერენციების, ოლიმპიადებისა და პრეზენტაციების გამართვას;

ე) ხელმძღვანელობს მიზნობრივი სასკოლო ექსკურსიების დაგეგმვასა და სათანადო დონეზე, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით წარმართვას.

მუხლი 12. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

1. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი პასუხისმგებელია სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის უწყვეტ განვითარებაზე, საგანმანათლებლო პროცესის მონიტორინგსა და შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვაზე. იგი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით და უზრუნველყოფს სკოლის საგანმანათლებლო სერვისების შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

2. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

ა) კონტროლს უწევს სკოლის სტრატეგიული მიზნებისა და საგანმანათლებლო ამოცანების მაღალხარისხოვნად შესრულებას ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ობიექტური შეფასების მიზნით, ნიშნავს, ატარებს და ზედამხედველობს შიდასასკოლო ტესტირებებს/რეიტინგულ წერებს;

გ) აწარმოებს ტესტირებებისა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგების სტატისტიკურ და შინაარსობრივ ანალიზს, რომელსაც შემდგომი რეაგირებისთვის წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოსა და სკოლის დირექციას;

დ) წინასწარ შემუშავებული, სტრუქტურირებული შეფასების რუბრიკების გამოყენებით ახორციელებს საგაკვეთილო პროცესზე გეგმურ და არეგეგმურ დაკვირვებას, რის საფუძველზეც პედაგოგებს აწვდის განმავითარებელ უკუკავშირსა და მეთოდურ რეკომენდაციებს;

ე) შეისწავლის მასწავლებელთა პროფესიულ პორტფოლიოებს, უწევს მათ მონიტორინგს და ეხმარება პედაგოგებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმების შედგენაში;

ვ) საგნობრივ კათედრებთან ერთად შეიმუშავებს განათლების ხარისხის შეფასების ერთიან პრინციპებსა და კრიტერიუმებს;

ზ) უზრუნველყოფს პედაგოგების დროულ ინფორმირებას ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ზოგადი განათლების სფეროში დანერგილი სიახლეების, თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიებისა და დიფერენცირებული მიდგომების შესახებ;

თ) აანალიზებს სასკოლო საზოგადოების (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები) უკუკავშირს საგანმანათლებლო სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და შეიმუშავებს სკოლის კურიკულუმის მოდიფიცირებაზე ორიენტირებულ სტრატეგიულ რეკომენდაციებს.

მუხლი 13. ბუღალტერი

1. ბუღალტერი წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის წევრს, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულების ფინანსური საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ბიუჯეტის მართვის ფინანსურ უზრუნველყოფასა და საგადასახადო-საბუღალტრო ვალდებულებების ზუსტ შესრულებაზე.

2. ბუღალტრის ძირითადი მოვალეობებია:

ა) აწარმოებს სკოლის ფინანსურ და ბუღალტრულ აღრიცხვას გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკისა და პრინციპების გათვალისწინებით;

ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (ხელფასების, დანამატების, პრემიების), ასევე შვებულებებისა და ბიულეტენების დროულ დარიცხვასა და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გაცემას;

გ) ამზადებს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში (შემოსავლების სამსახური და სხვა) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარადგენს საგადასახადო, საფინანსო და სტატისტიკურ დეკლარაციებსა და ანგარიშებს;

დ) აწარმოებს მოსწავლეთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის სისტემატურ აღრიცხვასა და მონიტორინგს. დავალიანებების ან გადახდის გრაფიკის დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას სკოლის დირექტორს;

ე) სკოლის დირექტორთან ერთად მონაწილეობს დაწესებულების წლიური ბიუჯეტის (შემოსავლებისა და ხარჯების) პროექტის შედგენაში და ფინანსური ნაკადების დაგეგმვაში;

ვ) ახორციელებს ფინანსური რესურსების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის ყოველდღიურ კონტროლს;

ზ) უზრუნველყოფს სკოლის ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობებისა და ინვენტარის ფინანსურ აღრიცხვას. მონაწილეობს ყოველწლიური ან/და რიგგარეშე ინვენტარიზაციის პროცესში;

თ) მკაცრად იცავს დაწესებულების კომერციული და ფინანსური ინფორმაციის, ასევე თანამშრომელთა პირად ფინანსურ მონაცემთა კონფიდენციალურობას.

მუხლი 14. საქმისმწარმოებელი და ადამიანური რესურსების (HR) მართვის სპეციალისტი

1. საქმისმწარმოებელი და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების ერთიან დოკუმენტბრუნვას, საქმისწარმოების სტანდარტების დაცვას, პერსონალის ადმინისტრირებასა და საკადრო პოლიტიკის სამართლებრივ გამართულობას.

2. საქმისწარმოების (კანცელარიის) მიმართულებით მისი ძირითადი მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოს სკოლაში შემოსული და გასული კორესპონდენციის (წერილები, განცხადებები, მომართვები) მიღება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და ადრესატამდე დაყვანა;

ბ) რეგისტრაციაში გაატაროს სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (ბრძანებები) და უზრუნველყოს მათი სათანადო დაარქივება;

გ) მართოს სკოლის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა და აწარმოოს საინფორმაციო ბაზების, კერძოდ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (eSchool) შესაბამისი მოდულები;

დ) უზრუნველყოს მოსწავლეთა პირადი საქმეების გახსნა, წარმოება და დაარქივება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) გასცეს სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული ოფიციალური ცნობები და ამონაწერები;

ვ) მართოს სკოლის არქივი და უზრუნველყოს დოკუმენტაციის დაცულობა დადგენილი ვადებითა და პირობებით.

3. ადამიანური რესურსების (HR) მართვის მიმართულებით მისი ძირითადი მოვალეობებია:

ა) გააფორმოს, აღრიცხოს და შეინახოს თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებები და უზრუნველყოს მათი დროული განახლება მოქმედი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

ბ) გახსნას და აწარმოოს დასაქმებულთა პირადი საქმეები, უზრუნველყოს მათში არსებული დოკუმენტაციის სისრულე და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;

გ) გააკონტროლოს თანამშრომელთა მიერ სამუშაო დროის გამოყენება, აღრიცხოს შვებულებები (ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, დეკრეტული), მივლინებები და დროებითი შრომისუუნარობის (ბიულეტენი) ფურცლები. მოწოდებული მონაცემების საფუძველზე მოამზადოს ტაბელი ბუღალტერიისთვის;

დ) ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს პერსონალის შერჩევის (რეკრუტირების) პროცესს – ვაკანსიების განთავსებას, შემოსული რეზიუმეების (CV) პირველად გადარჩევასა და გასაუბრებების დაგეგმვას;

ე) მოამზადოს ბრძანების პროექტები პერსონალის სამსახურში მიღების, გათავისუფლების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

მუხლი 15. მასწავლებელი (საგნის პედაგოგი)

1. მასწავლებელი წარმოადგენს სკოლის აკადემიური პერსონალის ძირითად რგოლს, რომელიც უშუალოდ წარმართავს სწავლა-სწავლების პროცესს. იგი ვალდებულია იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლის მისიითა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით.

2. მასწავლებლის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია:

ა) დაგეგმოს და წარმართოს საგაკვეთილო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის კურიკულუმის მოთხოვნათა სრული დაცვით, საგაკვეთილო დროის ეფექტიანი გამოყენებით;

ბ) გამოიყენოს სწავლების თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული და დიფერენცირებული მიდგომები, რათა უზრუნველყოს თითოეული (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლის ჩართულობა და განვითარება;

გ) შეაფასოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები სკოლაში დანერგილი ობიექტური შეფასების სისტემის (განმსაზღვრელი და განმავითარებელი) შესაბამისად და დროულად ასახოს შედეგები ელექტრონულ ჟურნალში;

დ) შექმნას პოზიტიური, ინკლუზიური და უსაფრთხო საკლასო გარემო, სადაცა დაცულია თითოეული მოსწავლის ღირსება და წახალისებულია თავისუფალი აზროვნება;

ე) სისტემატურად ითანამშრომლოს მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და (კლასის დამრიგებელთან კოორდინაციით) მიაწოდოს მათ ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური პროგრესისა თუ გამოწვევების შესახებ;

ვ) მონაწილეობა მიიღოს საგნობრივი კათედრის მუშაობაში, გაიზიაროს კოლეგების საუკეთესო პრაქტიკა და დაესწროს პედაგოგიური საბჭოს სხდომებს;

ზ) უწყვეტად იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა თუ სამუშაო შეხვედრებში.

მუხლი 16. კლასის დამრიგებელი

1. კლასის დამრიგებელი არის იმავე სკოლის მასწავლებელი, რომელსაც სკოლის დირექტორის ბრძანებით ევალება კონკრეტული კლასის სადამრიგებლო/სააღმზრდელო ხელმძღვანელობა. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს პიროვნულ, ზნეობრივ, ეკოლოგიურ და სამოქალაქო განვითარებაში.

2. კლასის დამრიგებლის ძირითადი მოვალეობებია:

ა) რეგულარულად, სკოლის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისკენ;

ბ) დაწყებით საფეხურზე (I-IV კლასები) კვირაში არანაკლებ ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი წიგნიერების კომპეტენციის გასაძლიერებლად, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე – პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები;

გ) შეასრულოს შუამავლის როლი მოსწავლეს, მშობელსა და საგნის მასწავლებლებს შორის. დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიურ თუ სოციალურ გარემოში წამოჭრილი პრობლემებისა და კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრაში;

დ) აწარმოოს კლასის ადმინისტრირება – გააკონტროლოს მოსწავლეთა დასწრება, დისციპლინა და ელექტრონული ჟურნალის სათანადოდ წარმოება;

ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის მიღწევებისა და დისციპლინის შესახებ ისე, რომ მკაცრად დაიცვას კონფიდენციალურობა (დაუშვებელია სხვისი თანდასწრებით მოსწავლის პრობლემებზე საუბარი);

ვ) სასწავლო წლის ბოლოს, საგნის მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს და მშობელს მიაწოდოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის წერილობითი დახასიათება (აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ანალიზით);

ზ) დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით, ორგანიზება გაუწიოს კლასგარეშე აქტივობებს, ექსკურსიებსა და შემეცნებით ღონისძიებებს.

მუხლი 17. დამხმარე პერსონალის ფუნქციები და მოვალეობები

1. სკოლის უსაფრთხო, ჯანსაღი და შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, სკოლაში საქმიანობს დამხმარე პერსონალი, რომელთა მოვალეობები ჯგუფდება პოზიციების მიხედვით:

2. სკოლის ექიმის მოვალეობებია:

ა) ხელმძღვანელობს სკოლის ერთიან სამედიცინო და ჰიგიენურ-სანიტარიულ პოლიტიკას;

ბ) ატარებს მოსწავლეთა პროფილაქტიკურ შემოწმებებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;

გ) კოორდინაციას უწევს ექთნის მუშაობას და იღებს გადაწყვეტილებებს რთულ ან გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებში.

3. სკოლის ექთნის მოვალეობებია:

ა) უშუალოდ უწევს პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს;

ბ) მართავს სკოლის სამედიცინო კაბინეტს, მკაცრად აკონტროლებს მედიკამენტების ვადებს და აწარმოებს მედიკამენტების გაცემისა და სამედიცინო ჩარევის აღრიცხვის ჟურნალს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ინფექციური/ვირუსული ნიშნების მქონე მოსწავლის დროებით იზოლირებას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე.

4. ბიბლიოთეკარის მოვალეობებია:

ა) ზრუნავს სასწავლო-მეთოდურ და მხატვრულ ლიტერატურაზე; აღრიცხავს და მართავს წიგნად ფონდს;

ბ) ეხმარება მოსწავლეებს ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად მასალის შეერჩევაში;

გ) აყალიბებს წიგნისადმი სწორი მოპყრობის ჩვევებსა და კითხვის კულტურას.

5. ლაბორანტის მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოფს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიის გამართულ ფუნქციონირებასა და ინვენტარის დაცულობას;

ბ) საგნის მასწავლებელთან ერთად მონაწილეობს პრაქტიკული და ლაბორატორიული ცდების მომზადებასა და უსაფრთხოდ ჩატარებაში;

გ) აღრიცხავს და მკაცრად აკონტროლებს ქიმიური რეაქტივებისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის მარაგებსა და ვარგისიანობას.

6. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობებია:

ა) იცავს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა, პერსონალისა და შენობის ფიზიკურ უსაფრთხოებას;

ბ) აკონტროლებს სკოლის შენობაში უცხო პირთა შემოსვლა-გასვლას და აღრიცხავს მათ ვიზიტორთა ჟურნალში;

გ) პრევენციულ რეაგირებას ახდენს დისციპლინურ დარღვევებზე და საგანგებო სიტუაციის დროს კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხო გადაადგილებას.

7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოფს სკოლის ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემების შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობას;

ბ) დროულად ახდენს დაზიანებული სასკოლო ინვენტარისა და აღჭურვილობის შეკეთებას ან ჩანაცვლებას;

გ) სისტემატურად ამოწმებს სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის (ცეცხლმაქრების) ვარგისიანობასა და ხელმისაწვდომობას.

8. დასუფთავების სპეციალისტის მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოფს სკოლის შენობის (საკლასო ოთახების, დერეფნების, სანიტარიული კვანძების) და ეზოს ყოველდღიურ, გრაფიკით გათვალისწინებულ დასუფთავებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებს.

მუხლი 18. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის აკადემიური მართვის კოლეგიალური ორგანო, რომელშიც ერთიანდება სკოლის ყველა მასწავლებელი. საბჭოში თითოეული მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

2. საბჭოს მუშაობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ საბჭოს წევრები;

ბ) პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

გ) საბჭოს სხდომა უფლებამოსილია (გააჩნია კვორუმი), თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი;

დ) პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი);

ე) პედაგოგიურ საბჭოში, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ კონკრეტულ საკითხებზე, შესაძლებელია შეიქმნას ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

მუხლი 19. საგნობრივი კათედრები

1. სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მასწავლებელთა პროფესიული თანამშრომლობისა და საგნობრივი კოორდინაციის მიზნით, სკოლაში ყალიბდება შემდეგი საგნობრივი კათედრები: ა) ქართული ენისა და ლიტერატურის; ბ) მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; გ) ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების; დ) უცხო ენების; ე) სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის; ვ) დაწყებითი კლასების.

2. კათედრის ფუნქციები და მოვალეობებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება და სხვა კათედრებთან მჭიდრო თანამშრომლობა;

ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და სასწავლო პროცესში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების ძიება;

გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების/სახელმძღვანელოების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;

ე) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

ვ) დირექტორის მოადგილესთან (სასწავლო დარგში) შეთანხმებით, კათედრის წევრ მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის სამართლიანი და მიზანშეწონილი განაწილება.

3. კათედრის მოწყობა და მართვა ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) კათედრას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც კათედრის წევრები ირჩევენ 1 (ერთი) სასწავლო წლის ვადით. ერთი და იმავე პირის არჩევა შესაძლებელია ზედიზედ არაუმეტეს სამჯერ;

ბ) კათედრის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კათედრის შეხვედრებს (ამზადებს დღის წესრიგს, აწარმოებს ოქმებს), აწვდის მიღებულ გადაწყვეტილებებს სკოლის მართვის ორგანოებს და ორგანიზებას უწევს პროფესიული განვითარების აქტივობებს (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები);

გ) კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. სასწავლო წლის დაწყებამდე კათედრის შეკრება სავალდებულოა.

მუხლი 20. მოსწავლეთა თვითმმართველობა

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობას.

2. არჩევნების წესი და მართვა რეგულირდება შემდეგნაირად:

ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით;

ბ) თვითმმართველობას ხელმძღვანელობს არჩეული წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

3. მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებამოსილებაა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესთან და მოსწავლეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით;

ბ) უფლებამოსილია სკოლის დირექციას წარუდგინოს ინიციატივები და წინადადებები სკოლისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე (ინფრასტრუქტურა, სასწავლო გარემო, ღონისძიებები);

გ) სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ქმნის სასკოლო კლუბებს და ორგანიზებას უწევს მათ მუშაობას.

თავი IV. სამუშაო და დასვენების დრო

მუხლი 21. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა და გრაფიკი

1. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე.

2. სამუშაო კვირა, ისევე როგორც სასწავლო კვირა, ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროში არ შედის შესვენების პერიოდი, დასვენებისა და შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეები.

3. ობიექტური აუცილებლობის (გაცდენილი დღეების ანაზღაურება) შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6-დღიანი სწავლება სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

4. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:30 საათზე. გაკვეთილის ხანგრძლივობა (გარდა I კლასისა) განისაზღვრება 40 წუთით, ხოლო I კლასისთვის – 35 წუთით.

5. ექსტრემალური პირობების (ყინვა, განსაკუთრებული სიცხე, ფორსმაჟორი) დროს, სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეამციროს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა.

6. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 საათით. სამუშაო დღის დასაწყისია 08:45, დასასრული – 17:45 საათი. შესვენების დრო: 13:00-დან 14:00 საათამდე.

7. მასწავლებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს პირველი საგაკვეთილო საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. მისი სამუშაო დრო განისაზღვრება ინდივიდუალური საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.

თავი V. მასწავლებლის ვალდებულებები

მუხლი 22. მასწავლებლის პროფესიული და ეთიკური მოვალეობები

1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმითა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით.

2. მასწავლებელი ეფექტიანად იყენებს საგაკვეთილო დროს, ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

3. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას, ისმენს მის აზრს, ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში და იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია მოსწავლეზე სიტყვიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა.

4. მასწავლებელი სისტემატურად თანამშრომლობს მშობელთან; აწვდის მას ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინური დარღვევის ან გაცდენის შესახებ კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

5. მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა დირექციას, კოლეგებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს.

თავი VI. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა (პერსონალი)

მუხლი 23. პერსონალის წახალისების ფორმები

1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისა და საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებული წვლილისთვის, დირექტორის ბრძანებით, დასაქმებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა.

მუხლი 24. პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: შინაგანაწესის/ხელშეკრულების დარღვევა, დაუდევრობა, სკოლის დისკრედიტაცია, პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა, მოსწავლეზე ზეწოლა, კონფიდენციალურობის დარღვევა, სკოლაში ალკოჰოლის/ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება, ქონების განზრახ დაზიანება და არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა/დაგვიანება.

2. დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის მიხედვით გამოიყენება შემდეგი სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) ხელფასის დაკავება (კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროპორციით, სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად);

ე) სამსახურიდან გათავისუფლება.

3. სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. გადაწყვეტილება მიიღება გადაცდომის თანაზომიერების პრინციპის დაცვით.

თავი VII. მოსწავლის ჩარიცხვა, უფლება-მოვალეობანი და დისციპლინა

მუხლი 25. მოსწავლის ჩარიცხვა და მობილობა

1. სკოლაში ჩასარიცხად (ან მობილობისთვის) მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება, მოსწავლის 2 ფოტოსურათი (და ელ. ვერსია დისკზე), დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი, მშობლების პირადობის ასლები, სსსმ მოსწავლის შემთხვევაში – ჯანმრთელობის ცნობა.

2. II-XII კლასებში დამატებით წარმოსადგენია წინა კლასის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიმდინარე შეფასება (მობილობისას).

3. პირველკლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.

4. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველს ჩაუტაროს გასაუბრება/გამოცდა მიღწევის დონის დასადგენად.

მუხლი 26. მოსწავლისა და მშობლის ვალდებულებები

1. მშობელი ვალდებულია ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაიხადოს სწავლის საფასური.

2. მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს (რომელიც შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია), გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას.

3. სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონი უნდა იყოს გამორთული და/ან ჩაბარებული მასწავლებლისთვის.

მუხლი 27. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და სახდელი

1. მოსწავლის გადაცდომად ითვლება: გაცდენა, დაგვიანება, გაკვეთილის ჩაშლა, სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა, ქონების დაზიანება, სკოლაში აკრძალული ნივთების (თამბაქო, იარაღი, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და სხვ.) შემოტანა.

2. დისციპლინური სახდელის ფორმებია: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, სასარგებლო საქმიანობის დაკისრება, სკოლიდან გარიცხვა (დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე).

3. პირად გასინჯვას ახორციელებს მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. კოლექტიური გასინჯვა დაუშვებელია.

თავი VIII. შეფასების სისტემა

მუხლი 28. შეფასების მიზანი და ტიპები

1. მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა. სკოლაში გამოიყენება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები.

კრიტერიუმი

განმავითარებელი შეფასება

განმსაზღვრელი შეფასება

მიზანი

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა

აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა სტანდარტთან მიმართებაში

საგანი

სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი

შედეგი

სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგება

მომდევნო კლასში/საფეხურზე დაშვება/არდაშვება

საშუალებები

რუბრიკა, კომენტარი, თვითშეფასება

ქულა

 

მუხლი 29. აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა

1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება 10-ქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

ქულა

შეფასების დონე

ქულა

შეფასების დონე

10 / 9

მაღალი

5

საშუალო

8 / 7

საშუალოზე მაღალი

4 / 3

საშუალოზე დაბალი

6

საშუალო

2 / 1

დაბალი

 

2. I-IV კლასებში მოსწავლე ფასდება მხოლოდ განმავითარებელი (სიტყვიერი) შეფასებით.

3. V-XII კლასებში საგნებში: „სპორტი“ და „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით (ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა).

4. სემესტრის განმავლობაში მოსწავლე ფასდება 3 კომპონენტით: საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებები (სამივეს თანაბარი წონა აქვს).

5. შემაჯამებელი დავალების გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია დაწეროს აღდგენითი სამუშაო.

6. კლასი დაძლეულად ითვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი.

თავი IX. ფინანსური პირობები, მონიტორინგი და უსაფრთხოება

მუხლი 30. სწავლის საფასური

1. შპს „ფრანგულ სკოლაში“ სწავლის საფასური შეადგენს:

• I კლასი – 1500 ლარი;

• II-IX კლასები – 1500-1700 ლარი;

• X-XI კლასები – 1700-2000 ლარი;

• XII კლასი – 2000-2200 ლარი.

2. დამატებითი მომსახურების (გახანგრძლივებული, წრეები) საფასური რეგულირდება ინდივიდუალური ხელშეკრულებით (უნაღდო ანგარიშსწორებით).

3. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დააწესოს შეღავათები სწავლის საფასურზე.

მუხლი 31. შიდა მონიტორინგი და გასვლითი ღონისძიებები

1. ექსკურსიებისა და გასვლითი ღონისძიებების წესი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით, მშობლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

2. სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს დირექტორის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი (ღია გაკვეთილები, ტესტირებები).

მუხლი 32. უსაფრთხოება

1. სკოლაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია: დაცვის/უსაფრთხოების თანამშრომელი, ვიდეოკამერები (პერიმეტრსა და საერთო სივრცეებში), ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და ევაკუაციის გეგმები თვალსაჩინო ადგილებზე.

თავი X. დასკვნითი დებულებები

მუხლი 33. შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები

1. შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილებია: მოსწავლეთა ქცევის კოდექსი; მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსები; თანამდებობრივი ინსტრუქციები და ინდივიდუალური ხელშეკრულებები.

მუხლი 34. ძალაში შესვლა და ცვლილებები

1. შინაგანაწესი შეთანხმებულია პედაგოგიურ საბჭოსთან და მტკიცდება სკოლის დირექტორის ბრძანებით. მასში ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა მოსწავლეების, მშობლების, დასაქმებულებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის.

3. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.